ამ დიდად აღსაფრთოვანებელ და სიბრძნით გამსჭვალულ გვერდს შეიძლება თამამად ვუწოდოთ მრავალტანჯული, ვინაიდგან და რადგანაც, მან, აქამდე, ძალიან დიდი გზა განვლო. თქვენ, ახლა, დასრულებულ და ”მშვიდობიან” გვერდს კითხულობთ, მაგრამ რა იყო მანამდე?
სანამ მოყოლას დავიწყებდე, ჯერ გეტყვით ამ გვერდის გამონათქვამი (“სანამ ჩვენ ვართ, მანამ სიკვდილი ჯერ არ არის”) საიდან მოვიტანეჲთ. იგი აღმოვაჩინეთ წიგნში, რომლითაც გვასწავლიდნენ საზოგადოებრივ ურთიერთობად წოდებულ გაკვეთილზე. საკმაოდ უცნაური გამონათქვამია და მგონი უაზროცაა. უფრო სწორად, გამონათქვამი კი აზრიანია (ეპიკურეს ეგ არ შეეშლებოდა), მაგრამ თარგმანია უაზრო. იმ წიგნში კიდევ უამრავი მსგავსი სიბრძნე ეწერა (მაგ. თქვენი აზრით, რა არის ორ განსხვავებულ სქესს შორის კავშირი? ვგონებ, გაცილებით უფრო მოკლე სიტყვაც არსებობს იგივე აზრის მატარებელი), მაგრამ ამ სიბრძნით განსაკუთრებით მოვიხიბლეთ და შედეგად იგი ჩვენს გვერდზე მოხვდა.
საერთოდ, ჩემი და მითრიდატეჲს სიბრძნეების გვერდის შექმნის იდეა ჩემი ანუ ციცერონის იყო. ვიფიქრე, კარგი იქნებოდა, თუ ამ საუნჯეს საქართველოს ახალგაზრდობასაც გავუზიარებდით. დეე, ისწავლონ მათ, უმეცრებმან! ჰოდა, შევქმენი. ბლოგს სახელი კი ავიღე აი, ამ არაჩვეულებრივი პოემიდგან (წაიკითხეთ და მიხვდებით), რომელიც მე მითრიდატეჲს მივუძღვენი (და რომელზეც ბევრი ვიცინეთ ორთავემა) და რომელზეც მითრიდატეჲიმ აი ამით მიპასუხა.
სად გავჩერდი? ა, ჰო… შევქმენი. მაგრამ ვაი, მაგ შექმნასა. წინასწარ ბოდიშს გიხდით ეს სიტყვა რომ უნდა ვიხმარო, მაგრამ ჩვენი პირველი გვერდი piczo-ზე (მომიტევეთ) შეიქმნა. აი, ეს იყო ჩვენი მისამართი: bevri-zevsebi.piczo.com (კიდევ ერთხელ მომიტევეთ). მე არ მინდოდა piczo-ს (ოჰ, ღმერთო ჩემო) რუტინას დავნებებოდი და ბლოგს ჰოსტინგი ჩავუტარე. ახლა მიი მისამართი ასე ჟღერდა: bevri-zevsebi.co.cc. თითქოს უკეთესია, მაგრამ ვაი, ეს რა დღე გაუთენდა ამ დედამიწასა. ვაი, რომ ბლოგის გახსნის თანავე piczo-ს (ჩემი ბრალია) რუტინა წამოჰყობდა ხოლმე თავს (piczo-ს (ვსიო, ეს ბოლოჯერ ვთქვი) რუტინას ახსნა არ მთხოვოთ, თვარა არც მე არ ვიცი რას ვგულისხმობ).
გამოხდა ჟამი. მეც ინტერნეტ სამყაროში უფრო გავთვითცნობიერდი და როგორც კი შანსი მომეცა piczo-ს (მივქარე) რუტინასაგან დამეხსნა ჩვენი სიბრძნე, იგი ხელიდან არ გავუშვი.
გვერდის მასპინძლობის ბედნიერება წილად ჰხვდა ცნობილსა და განუმეორებელ (და ამასთანავე მჭედავ) blogspot.com-ს. ოო, სწორედ ასეთი მომენტებისთვის ცხოვრობს ადამიანი! და აი, ის რასაც ამდენი ხანი ელოდა კაცობრიობა: bevrizevsebi.blogspot.com მოევლინა ინტერნეტ სამყაროს. მას კვლავ ჰოსტინგი ჩავუტარე და შედეგად მივიღეთ: bevrizevsebi.co.cc. სასწრაფოდ დავბეჭდე სიბრძნე ჩვენი. ახლა, უკვე მითრიდატეჲც უფრო აქტიურად შემომიერთდა და ორი-სამი პოსტიც მიაპოსტა. ზევსს ნამდვილად გაუხარდებოდა ეს ჩვენი გამარჯვების ამბავი. მაგრამ ბელზებელი არ გაჩერებულა (თუ არ იცით რა არის სიტყვა ”ბელზებელი”, გხოვთ, იხილოთ ძველი ქართული ენის განმარტებთი ლექსიკონი)! აი, სწორედ აქ გამოვლინდა blogspot-ის მჭედავი ბუნება!!!
აღარ მოვყვები დაწვრილებით, როგორ იყო ყველაფერი, მაგრამ მოხდა ისე, რომ ჩემი ფოსტა შემთხვევით ამოშლილ იქნა bevrizevsebi-ს ადმინთა სიიდგან და დარჩა მარტო მითრიდატეჲსაჲ. მე, რა თქმა უნდა, არ დავნებდი. შევედი მითრიდატეჲს ფოსტით და საკუთარ თავს ად(ა)მი(ა)ნობის გახდომის მოწვევა გავუგზავნე. მაგრამ, ამაოდ. დაიწყო ჭედვა. ამ ჭედვას ბოლო არ უჩანდა. სამი დღე და ღამე ველოდე, მაგრამ არ გამოსწორდა. მე ადმინებში ვერ დავმატდი. ამევსო მოთმინების ფიალა. ასე რომ, მივიღე გადაწყვეტილება, ახალი, უკეთესი ბლოგი შემექმნა.
შემოვედი wordpress-ში. დავარეგისტრირე. მერე ერთი ჯადოსნური ღილაკით ყველა პოსტი და კომენტარი ძველი ბლოგიდან აქ გადმოვაბრძანე. მითრიდატეჲც მოვიწვიე ადმინებში და ასე კეთილად დამთავრდა ეს ამბავი. რაც მთავარია, არესი (თუ არ იცით, ვინ არის არესი, იხილეთ სიბრძნის წყარო და ჩამონათვალში მოძებნეთ სიტყვა ”არესის” განმარტება. ეს ის არესი არაა, თქვენ რომ გგონიათ) კმაყოფილი დარჩა, იმედია (იმედი ბოლოს კვდებაო). ბელზებელიც (თუ თქვენ კვლავ არ გინახავთ ძველი ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი ახია თქვენზე) გაწბილდა!
ქატო იქა, ფქვილი აქა, ჭირიც იქა, ლხინი აქაო.
P.S. თუ შენიშნეთ, რომ ყველა პოსტის ავტორია ციცერონი, ეს იმის ბრალია რომ blogspot-იდგან მე გადმოვიტანე ჯადოსნური ღილაკის დაჭერით მთელი შემადგენლობა და მითრიდატეჲს დაპოსტილებიც მე დამაწერინა.
ზევსის მონაჲ კეთილი ციცერონი (მითრიდატეჲვ! დაამატე რამეჲ!!!)